„...და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამოთ. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ...“ აი, სად იღებს მარხვა სათავეს... სიმბოლურად ყოველი მარხვა, იმ პირველი მარხვის გაგრძელებაა... და ასეა მარიამობის მარხვაც.

 

ერთი შეხედვით, მარხვა არის ადამიანის თავშეკავება ხორციელი სიამოვნებისაგან, მაგრამ სულიერი შინაარსი მარხვისა გაცილებით ღრმაა... წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ხის ნაყოფზე საუბრისას, განმარტავს, რომ აქ რეალურ ხის ნაყოფზე, ან ხილზე კი არ არის საუბარი, არამედ ლაპარაკია, უმაღლეს ღვთაებრივ საიდუმლოებებზე და ჭეშმარიტებებზე, რომელიც ადამიანს ჯერ არ უნდა ეგემა ღვთის წინაგანგებით...

ბევრ ადამიანს აღიზიანებს, დაწესებული სულიერი აკრძალვები და ჰგონია , რომ ეს მის თავისუფლებას ზღუდავს, მაგრამ მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ არსი ამ „აკრძალვებისა“გამომდინარეობს ღვთისმიერ ადამიანის სიყვარულიდან და მდგომარეობს ადამიანისათვის ხელშეწყობაში და მისი წარმატების სრულყოფაში... ადამიანმა ყველაფერი მიიღო ღვთისაგან: სიყვარული, სიცოცხლე, ცხოვრება სამოთხის ბაღში, თავისუფალი ნება, მშვიდობა, სილამაზე, სიხარული,... და საჭირო იყო რომ ადამიანშიც ამოქმედებულიყო ეს სიყვარულის ძალა, საკუთარი ნებით, საკუთარი ღვაწლით, რომელიც მდგომარეობდა ღმერთის მიმართ სიკეთის ქმნაში, დიახ ღმერთის მიმართ...

რა შეეძლო ადამს მიეცა ღვთისათვის? რა ჰქონდა მას თავისი რომ ღვთისათვის ებოძა? რა თქმა უნდა არაფერი გარდა საკუთარი თავისუფალი ნებიდან და თავისუფალი არჩევანიდან გამომდინარე დამოკიდებულებისა...მადლიერებისა, რომელიც ამ შემთხვევაში მდგომარეობდა ღვთის გულისათვის აკრძალული ხილის არ დაგემოვნებაში - მარხვაში ...

ეს არის სიყვარულის უმთავრესი კანონიც - რომ მე შენთვის ამას და ამას არ გავაკეთებ! ან პირიქით, მე შენთვის ამას გავაკეთებ! მაგალითად უმცირესი გამოვლინება სიყვარულისა მდგომარეობს თუნდაც იმაში, რომ ადამიანი ადამიანს წყალს დაალევინებს... ხოლო უმაღლესი გამოვლინება სიყვარულისა მდგომარეობს თავგანწირვაში ... მე შენთვის თავს გავწირავ!

დღესაც შეყვარებულები დაახლოებით ასე არ ეფიცებიან ხოლმე ერთმანეთს? ... ეს არის სახარებისეული ჭეშმარიტებაც „უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოანე 15,12-13). სიყვარული საურთიერთოა და ამ ურთიერთობაში ჩვენ ყოველდღე გარკვეულწილად ვწირავთ საკუთარ თავს ერთმანეთისთვის...

მარხვა უპირველეს ყოვლისა სიყვარულის გამოვლინებაა ღვთისადმი. შენ ჯვარს ეცვი უფალო პარასკევს ჩვენთვის? ჩვენ შევეცდებით, ჩვენი ადამიანური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თანაგანმცდელნი ვიყოთ შენი ტკივილებისა... და მადლიერების ნიშნად ვიმარხულებთ პარასკევს შენთვის...

სიყვარულის და თანაგანცდის კანონი არ შეიძლება დაიყვანებოდეს რაღაცის ჭამაზე ან არ ჭამაზე... გშია შვილო? მიირთვი რაც გენებოს... „საჭმელი არ შეაგინებს კაცს“... მაგრამ ჩაწვდი მარხვის არსს, რადგანაც ეს შენ ხელს შეგიწყობს, რომ ჩამოყალიბდე სრულყოფილ ადამიანად... არავის ეგონოს, რომ მართლმადიდებლობაში მარხვა არის რაღაც წესი, რომელიც თუ არ დაიცავი აუცილებლად ან ღმერთი დაგსჯის ან ჯოჯოხეთში მოხვდები...

მარხვა ჩვენთვისაა, ადამიანებისათვის, ის ღმერთს არ სჭირდება... მარხვა სრულყოფს ადამიანს, აყალიბებს დამოუკიდებლობას, ხასიათის სიმტკიცეს, ამაღლებს ვნებების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს... მარხვაზე თავის არიდება ის შეცდომაა, რომელიც ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას არყევს, მარხვა არის სულიერი ენერგიების წყარო, რომლიდანაც საზრდოობს ადამიანი და მისგან განშორება ნიშნავს სულიერ წყაროზე უარის თქმას...

აბბა პიმენი ამბობს: „სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება.“. „აკრძალვანი, რომელშიც მარხვის დადგენილების შედეგად მოექცევა ჩვენი სხეული, არარაობაა იმ სულიერ სარგებლობასთან, რომელიც შეუძლია მოგვიტანოს მარხვამ.“ ამბობს წმ. ეპიკოპოსი ეგნატე. მარხვა და ლოცვა ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში, კეთილგონიერებაში, ძლიერებაში, კეთილ ზრახვებში, სულიერ მტრებთან ბრძოლაში და ა.შ. მარხვა სულის ხელმწიფებაა სხეულზე, მმარხველი ადამიანი თავისუფალია...

დღეს წაკითხული სახარებიდან ჩვენ ვიგებთ, რა ძალა აქვს მარხვას ადამიანის ცხოვრებაში. იგი განდევნის ადამიანიდან ყველაზე მზაკვარ სულს, რომელიც ტანჯავს ადამიანს „ ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.“ გვასწავლის მაცხოვარი...

არის შემთხვევები, ჩვენი უძლურებებისა და სისუსტეების გამო მარხვას ვტეხავთ საკუთარი ნებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი მარხვა უნდა გავტეხოთ... გულითადი მონანიება და შემდგომ მარხვის დაცვა არის შესანიშნავი გამოსავალი...

პავლე მოციქული ამბობდა: „რამეთუ არა რომელი იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7, 19). ანუ ხშირად ჩვენს სურვილებსა და ჩვენს ქმედებებს შორის შეუსაბამობაა...

ამასთან, მარხვა მარტო საკვების შერჩევა და აკრძალვა არ არის, მარხვა შესაბამისი განწყობის შექმნაც და გულითადი და ხშირი ლოცვებია, მარხვა მონანიება და ცოდვათა მიტევებაა. მარხვის დღეები, არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ თავშეკავებით, ზოგჯერ ტკივილებით და ურთიერთპატიებით, ვცდილობთ განწმენდას, რათა შემდგომ უფრო მსუბუქად და ლაღად გავიაროთ... ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვა არის ადამიანის სულში მიმდინარე დიდი შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც თუ სწორად წარმართავს ადამიანი, დაიბრუნებს სამოთხეს და სამოთხეზე უფრო მეტს...

ამიტომაც ვიყოთ ყოველთვის ღვთის იმედით, შევეცადოთ დავიცვათ ღვთის მცნებები, მთელი სულით და გულით და უფალი აუცილებლად შეგვინდობს ჩვენს ცოდვებს, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთია და მისდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე...ამინ!!!

მაშ მოვედით ძმანო და დანო, ვიმარხულოთ სიყვარულისათვის - ღვთის გულისათვის, რადგანაც ჩვენი ხსნა სიყვარულშია...

გვერდი მუშაობს ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

ღვთისმსახურებები ძირითადად ტარდება შაბათობით, შემდეგ მისამართზე:

St Nicholas Georgian
Orthodox Church
5657 Lindley Avenue,
Tarzana, CA 91356

ანგარიშზე შემოწირულობა

"პეიპალის" ან საკრედიტო ბარათის საშუალებით:

სხვა საშუალებები